ავტომობილის დაზღვევის წესები და პირობები საქართველოში

მუხლი 1. სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობის მონაწილეები

სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობის მონაწილეები არიან, ერთის მხრივ, საქართველოსმოქალაქე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ - დამზღვევი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან და მეორეს მხრივ, თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ ამ სახეობის სავალდებულო დაზღვევის მართვისათვის დაფუძნებული ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (შემდგომ - ცენტრი).

მუხლი 2. სავალდებულო დაზღვევის შეძენის ზოგადი პირობები

1.უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).
2.უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განემარტება სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება.
3.სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.
4.სავალდებულო დაზღვევის პოლისი შესაძლოა გაიცეს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონულად. სავალდებულო დაზღვევის პოლისი წარმოადგენს სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები.
5.სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. ამასთანავე, სავალდებულო დაზღვევა იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება სავალდებულო დაზღვევის პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე.
6. სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

მუხლი 3. სავალდებულო დაზღვევის პოლისის შეძენა ელექტრონულად

1.ცენტრის ვებ.გვერდის საშუალებით შესაძლებელია სავალდებულო დაზღვევის პოლისის ელექტრონულად შეძენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტი წარმოადგენს სავალდებულო დაზღვევის პოლისის (მატერიალური დოკუმენტი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
3. ცენტრის ვებ.გვერდის საშუალებით შეძენილ ელექტრონულ დოკუმენტს არ სჭირდება მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება ან გადაცვლა მატერიალურ დოკუმენტზე.
4. სავალდებულო დაზღვევის პოლისის ელექტრონულად შეძენისათვის საჭიროა ველების შევსება. სავალდებულო ველები: დამზღვევის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი), ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი), დაზღვევის პერიოდი, მობილური ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. დამატებითი ველები: ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი). დამზღვევის მიერ სავალდებულო და დამატებითი ველები უნდა შეივსოს მხოლოდ ლათინური სიმბოლოებით. პრემიის ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
5.დამზღვევს სავალდებულო დაზღვევის ელექტრონული პოლისის (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები) და საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მიღების შესახებ ეცნობება მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
6. დამზღვევის მიერ სავალდებულო დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მის მიერ სავალდებულო დაზღვევის პოლისის ვებ.გვერდის საშუალებით შეძენის დროს შევსებულია სავალდებულო ველები და გადახდილია შესაბამისი პრემია.
7.ელექტრონული საშუალებით შეძენილ პოლისში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია დამზღვევი.
8. თუ დამზღვევის მიერ ელექტრონულ დოკუმენტში შეტანილი დაზღვევის პერიოდი არასწორადაა მითითებული, ამ შემთხვევაში გადახდილი პრემია არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და შესაბამისად პოლისი გაუქმებას.
9. თუ სავალდებულო დაზღვევის პოლისში დამზღვევის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდის და კატეგორიის ან სარეგისტრაციო ნომერის და კატეგორიის ან შასის ნომერის და კატეგორიის არასწორი მონაცემია მითითებული, სავალდებულო დაზღვევის პოლისი არ არის მოქმედი. ამასთან, თუ დამზღვევის მიერ სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეუსაბამო კატეგორია და შედეგად დამზღვევის მიერ შეძენილია სხვა კატეგორიისათვის გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომლის სადაზღვევო პრემიის ოდენობა იმავე პერიოდზე შეადგენს არანაკლებ არსებული კატეგორიისთვის გათვალისწინებულ ოდენობას, ასეთი სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედია.

მუხლი 4. სადაზღვევო პრემიის ფორმირება

1.სადაზღვევო პრემიის ოდენობა რეგულირებულია „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2.ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით სადაზღვევო პრემიის ოდენობაა:
ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზემეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;
ბ)მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;
გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი;
დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე– 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;
ე) მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.

მუხლი 5. სადაზღვევო შემთხვევა და რისკები, რომლებიც ანაზღაურდება სავალდებულო დაზღვევით

1.სავალდებულო დაზღვევა ვრცელდება უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილ მოვლენაზე, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამეპირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/დაქონებას მიადგაზიანი.
2.დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (აგრეთვე ქმედობაუნარიანობის შეზღუდვისათვის) მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა მითითებულია სავალდებულო დაზღვევის პოლისსა და წინამდებარე ხელშეკრულებაში.
3.დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა მითითებულია სავალდებულო დაზღვევის პოლისსა და წინამდებარე ხელშეკრულებაში.
4.ცენტრის უფლებამოსილება, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს (ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი პირი), მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.

მუხლი 6. ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება „ცენტრის“ მიერ

1.ცენტრი არ ანაზღაურებს:
ა)სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულზიანს;
ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს;
გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს (საომარი მოქმედება, ხანძარი, აფეთქება);
დ)ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს;
ე)სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულზიანს.2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის მიმყენებლის მიერ.

მუხლი 7. სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინება

1.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.
2.დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.
3.თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე.
4.თუ დაზარალებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს წარუდგენს, მფლობელმა/მძღოლმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ცენტრს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დაზარალებულის შეტყობინების ვალდებულებას. ამასთანავე, დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
5.დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

მუხლი 8. სადაზღვევო ანაზღაურება


1. დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ცენტრი.
2.ცენტრი ვალდებულია აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის პოლისის არსებობის შემთხვევაში.
3.სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ცენტრი არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევას (საჭიროების შემთხვევაში აფასებს ზიანს) ცენტრის თანამშრომლის ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის, მზღვეველის თანამშრომლის) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრის მიერ მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
4.ცენტრი ვალდებულია სავალდებულო დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება გადაუხადოს ზიანის ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ცენტრი დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება სავალდებულო დაზღვევის პოლისით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებითი ანაზღაურება უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაა პასუხისმგებელი.

მუხლი 9. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თავისებურებანი


1.ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი;
ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით;
ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში:
ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით;
ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით;
ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით.
4.სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის/შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა.
5.სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი (მზღვეველები) თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.
6.თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება სავალდებულო დაზღვევის პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.
7.თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

მუხლი 10. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თავისებურებანი


1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია:
ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;
ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება;
გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.
3.დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია:
ა)უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება;
ბ)უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით;
გ)მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) დარეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება.
4.თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად).
5.თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.
6.თუ დაზარალებული და ცენტრი ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის.
8.დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას ცენტრი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს.
9.თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება სავალდებულო დაზღვევის პოლისით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.

მუხლი 11. რეგრესი


1.ცენტრს უფლება აქვს, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზიანის განზრახ მიყენებისას;
ბ)ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას.
2. რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა

საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვისავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით.